Monday, January 21, 2013

სხვადასხვა ქვეყნების ნაციონალური კერძები


სხვადასხვა ქვეყნების ნაციონალური კერძები

1. ხინკალი— ქართული კერძი. ღორისა და საქონლის (ან ცხვრის) ხორცის ნარევისგან. წარმოადგენს ცომისგან დამზადებულ ერთგვარ ტომარას, რომელშიც მოთავსებულია გატარებული ხორცი. მზადდება ხარშვის წესით.
image





2.Hamburger-America
image



3.Octopus-Greece
image



4. France - Roast Chicken
image




5.Peking Duck - Beijing
image



6.Spain - Steak
image



7. Japan - Sushi
image





6. Los Angeles - Milk Shakes
image





7 Prawns - South Africa
image





8. Scotland - Fish and Chips
image


8 მარტი


                                    8 მარტი

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება . თავდაპირველად, ქალთა დღესასწაული პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა. 1889 წელს გამართულ მეორე ინტერნაციონალურ ყრილობაზე, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა კლარა ცეტკინმა, მამაკაცებთან თანასწორუფლებიანობისათვის ბრძოლის მიზნით, მსოფლიოს ქალების გაერთიანების წინადადება წამოაყენა.
1907 წელს შტუტგარდში, კლარა ცეტკინის ინიციატივით, სოციალისტ ქალთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ქალთა მოძრაობის კოორდინირების მიზნით, კონფერენციის მონაწილეებმა საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. შტაბ-ბინა შტუტგარდში შეირჩა. ორგანიზაციის წევრებმა თავი ფემინისტებად გამოაცხადეს და სპეციალური ჟურნალის გამოცემა დაიწყეს.
1910 წლის 8 მარტს ქალაქ კოპენჰაგენში სოციალისტ ქალთა მეორე კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც 17 ქვეყნის 100 დელეგატი მონაწილეობდა. კლარა ცეტკინი გამოვიდა ინიციატივით, ეს დღე ყოველწლიურად მსოფლიოს მშრომელ ქალთა სოლიდარობის დღედ აღნიშნულიყო.
8 მარტი ქალთა საეთაშორისო დღედ პირველად 1911 წელს გერმანიაში, ავსტრიაში, დანიაში, შვედეთსა და რუსეთში აღინიშნა.







საქორწილო ტრადიციები ძველ საქართველოში


ქორწილი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. განსხვავებულია ამ დღის აღნიშვნის წესები სხვადასხვა ერის ადამიანებში. კალიცოქართველებს კი როგორც ერთ-ერთ უძველეს ხალხს, თავისი ხასიათისა და ცხოვრების წესის შესაბამისი საქორწილო რიტუალი, წეს-ჩვეულებები შეუქმნიათ და პოეზია შეუმუშავებიათ.
ქართული საქორწინო ცერემონიალი რამდენიმე საფეხურს ითვალისწინებდა:დაკვლევა-გარიგება; დაწინდვა ანუ ნიშნობა; საპატარძლოსთან გამოთხოვება; ქორწილი და პატარძლის სამუშაოზე გაყვანა.
დაკვლევა-გარიგების ტრადიცია ძველთაგანვე ჩამოყალიბებულა. ქალების დაკვლევის შესაძლებლობა ახალგაზრდა ვაჟებს ჰქონდათ ქორწილში, სამგლოვიარო ცერემონიალზე, ყანის მკისა და პურის ლეწვისას, წყაროდან წყლის მოტანისას… ეს ქალ-ვაჟთა ურთიერთ მოწონების უშუალო პროცესი გახლდათ. ამის პარალელურად არსებობდა გარიგება, როცა წინამძღვარი, ანუ მაჭანკალი, აქორწინებდა ზოგჯერ სრულიად უცნობ და ერთმანეთის უნახავ ახალგაზრდებს. მაჭანკალი ქალ-ვაჟის მშობლებს აცნობდა ერთმანეთის ქონებრივ მდგომარეობას, წარმომავლობას, ჯიშ-ჯილაგს, ქალის მზითევის რაობას და ა.შ. აღნიშნული ტრადიცია ხალხური ლექსითაა გაკიცხული:
კაცი თუ ვარგა, ჯილაგი ნეტა რა საძებარია?
თუ თვით არ ვარგა, სუყველა ფუჭი და საცინარია.
აკვანში დანიშვნის ტრადიცია კი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ერთმანეთისადმი მეგობრულად განწყობილი მშობლები დანათესავების სურვილით ნიშნავდნენ უკვე მოზრდილ ბავშვებსაც. ეს ტრადიცია ზოგჯერ უკონფლიქტო ქორწინების საფუძველს ქმნიდა, მაგრამ იყო სისხლისღვრისა და პიროვნული ტრადიციების საბაბიც. გაზრდილი ქალ-ვაჟი ხშირად შეუძლებლად მიიჩნევდა მშობლების ნების აღსრულებას, რაც არასასურველი შედეგით მთავრდებოდა.

ძველად ქალის დანიშვნისათვის გამოიყენებოდა ტყვია, ჯოხი, ისარი, დამბაჩა, ხანჯალი, ყვავილი, ვაშლი, ქუდი და სხვ. ამასთან, რადგან პატრიარქალური ყოფა ქალისგან დიდ შრომას და შესაბამისად, ენერგიას მოითხოვდა, საპატარძლოს ჯან-ღონით სავსეს და საქმიანს არჩევდნენ.
ქორწინება სამეურნეო მნიშვნელობის საზოგადოებრივი აქტი იყო. ეთნოგრაფიული ლიტერატურის თანახმად, გვარის, ოჯახის გამაერთიანებლად ითვლებოდა კერის კულტი, კერა იყო მარადიული ცეცხლის სიმბოლო. ქრისტიანული ჯვრისწერის დამკვიდრებამდე ნეფე-დედოფალს კერის გარშემო შემოატარებდნენ და გვირგვინს უკურთხებდნენ ვაჟის სახლშიც და ქალთანაც. ცერემონიალი წარმართული ხანიდან მომდინარეობდა და სიმღერის თანხლებით სრულდებოდა. კერისა და შუა ცეცხლის გარშემო შემოტარებით მექორწინენი ასრულებდნენ მაგიურ ქმედებას, რომლის მიზანსაც ავი თვალისგან დაცვა წარმოადგენდა.
ქართული საქორწილო რიტუალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენდა მექორწინეებისათვის თავზე ხორბლის მარცვლების გადაყრა და პატარძლისათვის კალთაში პატარა ბიჭის ჩასმა. ამ ქმედებათა კვალი დღევანდელ სინამდვილეშიცაა ნაწილობრივ შემორჩენილი. საქორწილო ცერემონიალის ერთ საინტერესო მომენტს წარმოადგენდა ასევე მშობლიურ კერასთან პატარძლის გამოსამშვიდობებელი რიტუალური ტირილი.
ქორწილის ერთი თვის შემდეგ პატარძალი წყალზე გაჰყავდათ, რითაც იწყებოდა მისი გარესამუშაოებზე დასაქმება. ქალი ამით პატარძლობას ასრულებდა და ოჯახის დიასახლისობას იწყებდა. დღეს კი ეს წესი არათუ შეცვლილი ფორმით, არამედ საერთოდ აღარ გვხვდება.
მაყარისაქორწინო სიმღერათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს “მაყრული’”. მაყრები ნეფესაც ჰყავდა და დედოფალსაც. თამაშდებოდა პატარძლის დამალვა, ვაჟის მაყრების მიერ პატარძლის ჯერ მოძებნა, შემდეგ გამოსყიდვა. სიძის საცემრად ქალის მაყრების გაწევა, ნეფის გვირგვინის ტალახში ამოსვრის ცდა, ვაჟის მაყრების “აწიოკება” უძველესი საქორწილო რიტუალის ნაშთია, ხის ჯვარზე ასხმული ვაშლების მსგავსად, რაც აყვავებას გულისხმობდა. სასიძო გამოიცდებოდა გონებამახვილობასა და სიბრძნეში. მრავალფეროვანია მაყრული სიმღერებიც.
მაყართა შორის მნიშვნელოვანია მახარობლის როლი. ის თოფის სროლითა და ყიჟინით ჯერ ნეფის მოსვლას ახარებს პატარძლის ოჯახს, შემდეგ კი ვაჟის სახლში მიდის. მახარობელს საჩუქარი სჭირდება.
პატარძალს კარგი ფეხი უნდა ჰქონდეს და ახალ ოჯახში ბედნიერება უნდა შემოიტანოს. დამხვდურები კი მას ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ახალმა რძალმა გვარი უნდა გაამრავლოს.
იუმორი, სიცილი, სიმღერა, ცეკვა-თამაში საქორწინო ცერემონიის აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ. ქართული დალოცვა – სადღეგრძელოების მთავარი თემა კი ცხადია, ნეფე-პატარძალია. აქებენ მათ მშვენიერებას, ვაჟკაცობას, ზრდილობას, გონიერებას, უსურვებენ გამრავლებასა და ბედნიერებას.
ბუნებრივია, დღეს არც საქორწილო ცერემონიალია ისეთი, როგორც ძველ საქართველოში იყო და არც შესაბამისი საქორწილო პოეზია.

ქართული სუფრა და სადღეგრძელოები



ქართული სუფრის ტრადიციები მსოფლიოს ყველა კუთხეშია ცნობილი. ჩვენს სტუმართმოყვარეობას და გულუხვ დახვედრას არაერთი უცხოელი სტუმარი მოუჯადოებია. ჩვენმა ერმა საუკუნეების მანძილზე სტუმარ-მასპინძლობის მტკიცე ნორმები ჩამოაყალიბა. საქართველოს ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში სტუმარი ხელშეუხებელ პიროვნებად ითვლება. სტუმრის პატივისცემის ადათს ისე ჰქონდა გადგმული ფესვები, სახლში მოსული მოსისხლე მტრის დაცვაც კი სავალდებული იყო. იმერელი თავისთვის მოიკლებს, რომ სტუმარს ასიამოვნოს, მაგრამ რაც უნდა კარგად მიიღოს სტუმარი, ბოლოს მაინც მოუბოდიშებს: ,,მაპატიე, ბატონო, თქვენს შესაფერისად თუ ვერ დაგხვდითო.” საქართველოს ყველა კუთხეს მისი ტრადიციული კერძები გააჩნია. კახეთის, ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, რაჭის, სვანეთის,ხევსურეთის და სხვა კუთხეების კერძები თავისი გემოვნებით, მომზადების ტექნოლოგიით მართლია განსხვავდებიან, მაგრამ საერთო სტილით ერთიან ეროვნულ ქართულს წარმოადგენენ. განსაკუთრებით მდიდარია იმერული სუფრის ასორტიმენტი. აქ უდავოდ მოწინავე პოზიციები ბოსტნეულსა და რძის კერძებს უჭირავს. სუფრაზე განსაკუთრბული ადგილი უჭირავს ლობიოს, სუფრის შეძენილი კომპონენტებია ახალი კიტრისა და პომიდვრის სალათები, კარტოფილისაგან და ტყის მცენარეულობიდან მომზადებული კერძები. რძის ნაწარმიდან უმეტეს შემთხვევაში სუფრაზე გააქვთ თანაბარ ნაჭრებად დაჭრილი იმერული ყველი და სულგუნი. ყველთან ერთად ცხელი მჭადი და ღომი. ყველისაგან რამდენიმე კერძსაც ამზადებენ. მაგალითად, ცხიმში შემწვარი ყველი, ყველი კვერცხთან ერთად, ყველი პამინდვრით და სხვა. იმერულ სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თევზის კერძებს. მათ შორის აღსანიშნავია კალმახი, ორაგული, ციმორი, ხრამული, წვერა, ფოთის კეფალი, კამბალა, ქაშაყი და სხვები. თევზეულობიდან უმთავრესად შემწვარი თევზის კერძებს ამზადებენ, რომელსაც აყოლებენ ტყემლის, ქინძის ნაშარაბის საწებლებსა და ნიგოზით მომზადებულ ,,ბაჟეს” . ცივი ხორცის კერძებიდან ახსანიშნავია კუჭმაჭი, შემწვარი გოჭის, ბატკნისა და თიკნის ხორცი, ლაბასხმული, მოხარშული გულღვიძლი, ენა, ძეხვეულობა და სხვა. ფრინველებიდან ამზადებენ სხვადასხვა მეთოდოთ შემწვარ წიწილებს, მრგვალად მოხარშულ და შემწვარ ქათმებს, ჩახოხბილს, საცივს, ნივრის წვენში ჩაწყობილ წიწილებს. მეორე თავის ცხელი კერძების ასორტიმენტი ძალზე მრავალფეროვანია, ჩამოვთვლით რამოდენიმეს: მწვადს, ჩაშუშულს, კუპატს, ხინკალს და ა.შ. ფქვილოვანი ნაწარმიდან აღსანიშნავია იმერული ხაჭაპურები, შოთის პურები, სხვადასხვა სახის ნამცხვრები. რაც შეეხება ხილსა და დესერტს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ტკბილი სასმელებიდან მიღებულია ჩაი და ყავა. საწებლებიდან უმთავრესად სუფრაზე გამოაქვთ ახალი ტყემლის, ახალი პომიდვრის, მკვახე ყურძნის, ნიგვზის, ნივრის, ქინძძმარის საწებლები და სხვა. იმერული სუფრა თვით ქართველი ხალხის, ქართველი ერის ხნისაა. ჭირში და ლხინში გამოხატავდა ერის ზნეობას, კულტურასა და კეთილშობილებას, მის წიაღში იდუმალადაა განფენილი ქართული პატიოსნება და სიდარბაისლე. სუფრაზე მტკიცედ არის დაცული უფროს-უმცროსის ეთიკური ნორმები, განსაკუთრებით მკვეთრად იხატება მოკრძალება მანდილოსებისადმი, ეროვნული ადათ-წესებისა და საერთოდ ადამიანებისადმი სიყვარული. აუცილებლად სუფრის უფროს - თამადას აირჩევენ. თამადა ყოველთვის იყო თვითდისციპლინისა და ორგანიზებულობის მაჩვენებელი. იმერული სუფრა და ქეიფი არასდროს ყოფილა მარტო ღვინის სმაში გაჯიბრების ასპარეზი. ეს იყო სხარტი სიტყვა-პასუხის, სიყვარულის, ზრდილობის, ურთიერთპატივისცემის, რაინდული თავდაჭერილობის, ერისა და მამულისადმი ერთგულების დემონსტრაცია. სტუმრის დახვედრა ქართველ კაცს ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი, მაგრამ სტუმრიანობა დასაშვებ ვადებს არ უნდა გადაცილდეს. ამ შემთხვევაში იუმორით სავსე სხარტული გამონათქვამი შემოუნახავთ: ,,დილით ოქრო ხარ სტუმარო, შუადღით ვერცხლად იქცევი, თუ კიდევ შეგაგვიანდა, სპილენძად გადაიქცევი.” ლხინში თამადის და საერთოდ სუფრის წევრების დათრობა ვაჟკაცობად არ ითვლება. უმთავრესად სადღეგრძელო პოეტური უნდა იყოს. მჭერმეტყველი თამადა სადღეგრძელოებში გაურევს ცის სილაჟვარდეს, ვარდის სურნელებას, მწვერვალთა ბუმბერაზობას, ჩანჩქერთა ელვარებას, კლდის სიმტკიცეს და ა.შ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ სადღეგრძელო უნდა იყოს ამაღლებული, წამახალისებელი, სინამდვილესთან მიახლოვებული. სუფრასთან ყველას აქვს უფლება ერთმანეთს თვალი გაუსწოროს, აქ ისინი ძმები, მეგობრები, ახლობლები ხდებიან, ასეთი ქება შეუჩვეველ ყურს შეიძლება მლიქვნელადაც მოეჩვენოს. სუფრასთან, როგორც წესი, ცუდს და უარყოფით მხარეს არ ახსენებენ. თუ ასეთი გააჩნია ვინმეს, ტაქტიანად უსურვებენ ხასიათის ან თვისების შეცვლას, რა თქმა უნდა, დადებითისაკენ. სუფრის ასეთ წარმათვაში სმა-ჭამა მეორე პლანზე გადადის, მის ადგილს გონებამახვილობა და მჭერმეტყველება იკავებს. მუზა ყველას მოდის და ცდილობს რაც შეიძლება მეტი შესაფერისი ლექსი, თქმულება, ანდაზა, ხალხური გამონათქვამები გამოიყენოს და სადღეგრძელო გაამდიდროს. ასეთ თამადაზე ზედგამოჭრილი ხალხური სიმღერაა: ,,ეს თამადა რა ყოფილა , ცოტა ღვინო გვამყოფინა.” განსაკუთრებით გამოკვეთილია იმერული სუფრა ქორწილში. ქორწილის ჩატარებას ქართველი, შეიძლება ითქვას, დიდი მზადებით ელოდება. საქორწილო სუფრაზე სადღეგრძელოების წყობა ოდნავ განსხვავებულია. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში ქორწილი თამადების არჩევით და მათი დალოცვით იწყება. შემდეგ უკვე თამადის ინიციატივით წარმოითქმება მშვიდობის, საქართველოს, ნეფე–დედოფლის, მათი მშობლების, ხელისმომკიდეების, დედმამიშვილების, ბაბუებისა და ბებიების, ოჯახის, მაყრების, ოჯახის სტუმრების, მეზობლების, სუფრის მომსახურეების სადღეგრძელოები და ა.შ. ასევე სპეციალურად გაშლიდა ქართველი სუფრას, თუ ოჯახში პირველი ვაჟიშვილი ანუ გვარის გამაგრძელებელი დაიბადებოდა, საცხოვრებელ სახლს ააშენებდა და გადახურავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ,,რთველის” სუფრა, როცა მშრომელი საბოლოოდ იწევს მთელი წლის ნაამაგარია. შესაფერისი სუფრები ეწყობა აგრეთვე საახალწლოდ და სხვა სადღესასწაულო დღეებშიც. ქართულ სუფრაზე განსაკუთრებული მოკრძალებით წარმოთქვამენ დედის სადღეგრძელოს. სიტყვა დედიდან ამოჰყავს თამადას დედასამშობლოს, დედაკაცის, დედაენის სადღეგრძელოები. იმერეთში ყველა ოჯახს აქვს 2-3 სახის ღვინო, რომელთაგან ერთი მაინც გამორჩეული იქნება. ეს ,,გამორჩეული” არაფრით ჩამოუვარდება ცნობილ სამარკო ღვინოებს. ამ შერჩეულით გაუმასპინძლდება იგი გზად ჩავლილ უცხო კაცს, თუ მის ჭიშკართან შეჩერდება და წყალს მოითხოვს. ჩვენი წინაპრები, როცა მადლიან ღვინოს ჭაშნიკს გაუსინჯავდა, აუცილებლად იტყოდა: - ,,იმ მარჯვენას გაუმარჯოს, ვინც ეს ღვინო დასწურაო.” ქართველები ოდითგანვე სუფთა ღვინოს სვამდნენ, ქართული ღვინო, ,,სურნელოვნადაა” მოხსენიებულია ცნობილ ,,ოდისეაში.” საერთოდ, ჩვენთან ღვინოს ბლომად სვამენ, მაგრამ საქმეც ის იყო, იშვიათად თვრებოდნენ. ფრანგი მოგზაური შარდენი მე-17 საუკუნეში ქართველებზე წერდა: ,,არსად ისე ბლომად და ისეთ სურნელოვან ღვინოს არ სვამენ, როგორც საქართველოში”.... ქართული სუფრა მისი ტრადიციებით უნიკალურია, ერის წარსულში ჩამოყალიბებული და ძვალ-რბილში გამჯდარი წეს-ჩვეულება არ უნდა დავივიწყოთ. რაც კარგია, შევინარჩუნოთ, უფრო განვავითაროთ.http://tekila555.blogspot.com/2008/12/blog-post.html 

ბზობა

ბზობა



ბზობა - ბაიაობა

უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
„...ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“, - ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.
მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს.  ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების უეცარი და, შეიძლება ითქვას, უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო. ასე ხდება, როცა ადამიანი ხარობს ღვთის დიდებულებისა და მისთა საკვირველთა საქმეთა გამო.
ამავე დროს, წმიდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან.
როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა“ (იოანე 12, 14-15).
იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9).
ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას“.
ღმერთი კი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს კიცვზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იერუსალიმში.
იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.

Saturday, January 19, 2013

ნიკოლოზობა


ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 19 დეკემბერს ნიკოლოზობის დღესასწაულს - წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს აღნიშნავს.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება. მარტო თბილისში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ხუთი ეკლესიაა.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეა, ხოლო 22 მაისს - როცა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.
წმინდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით სარგებლობს ხალხში, მას სასოებით უხმობს ყველა გასაჭირისას და იგიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. ყველაზე მეტად წმინდანს მეზღვაურები სცემენ თაყვანს.
წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს თეოფანეს და ნონას დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამის გამო ადამიანთა სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი. ამ სათნოებისათვის და ღვთისმოშიში ცხოვრებისათვის, აგრეთვე გულმხურვალე ლოცვისათვის ღმერთმა მათ ვაჟი უბოძა, მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი. სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა.
სიყრმიდანვე უყვარდა სახარების კითხვა, ტაძარში სიარული და დიდ დროს უთმობდა გულმოდგინე ლოცვებს. მშობლებიც უწყობდნენ ხელს ბიჭს ასეთი ხასიათის ჩამოყალიბებაში. ისინი არა მარტო სახლში, გზაშიც კი არ წყვეტდნენ ნიკოლოზის ქრისტიანულ აღზრდას და მათი სწავლება ისე მტკიცედ გაუჯდა ბავშვს, რომ ბავშვობიდანვე შეიყვარა გლახაკები. არასდროს ისე არ ჩაუვლიდა, სანუგეშო სიტყვა რომ არ ეთქვა და მოწყალება არ მიეცა მათთვის. ამის შემხედვარე ბიძამ, პათარას ეპისკოპოსმა, დაარწმუნა მშობლები, მიეცათ შვილი ღვთის სამსახურში და მათი ნებართვით აიყვანა იგი მღვდლის ხარისხში.
წმინდა ნიკოლოზს არასდროს შეუწყვეტია ტანჯულთა შემწეობა, დამცირებულთა და უსუსურთა განმტკიცება, სათნო საქმეების კეთება. მღვდელთმთავრობისას კი უფრო მკაცრ მოსაგრეობას ეწეოდა, იყო განუწყვეტლივ მღვიძარებაში, მკაცრ მარხვასა და ლოცვაში, სულ უფრო მაღლა და მაღლა იწევდა სრულყოფილების საფეხურებზე, სულ უფრო უახლოვდებოდა უსხეულო მდგომარეობას.
როცა მისი მშობლები გარდაიცვალნენ და მას მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვეს, წმინდა ნიკოლოზმა მთელი ეს ქონება ღარიბ-ღატაკ ადამიანს შესწია. ყოველივე ამას აკეთებდა უჩუმრად, სხვებისაგან დამალულად.
შემდეგ იგი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების თაყვანსაცემად. პალესტინაში წმინდა ნიკოლოზმა მოიარა ყველა წმინდა ადგილი, თაყვანი სცა უფლის საფლავს, გულმხურვალედ ილოცა გოლგოთაზე, უფლის ჯვარცმის ადგილზე. არსებობს გადმოცემა, რომ იერუსალიმის ტაძრის კარები ნიკოლოზის მიახლოებისას თავისთავად გაიღო და იგი დაუბრკოლებლივ შევიდა მასში.
სამშობლოში დაბრუნებული ნიკოლოზი ქალაქ მირონში წავიდა. იქ იგი ეპისკოპოსად აირჩიეს. აძლიერებდა წმინდა ნიკოლოზი თავის სამწყსოს. იგი მფარველი ანგელოზივით ეცხდებოდა ყველა დევნილს, თავისი სათნო სიტყვითა და ნუგეშით ამხნევებდა ყველას. ამისთვის იგი შეიპყრეს და სხვებთან ერთად დილეგში ჩააგდეს. იგი მხნედ იტანდა შიმშილს, წყურვილს, ტანჯვას. საპყრობილეშიც ქადაგებდა ღვთის სიტყვას, გასცემდა მოწყალებას. ანუგეშებდა იქ მყოფთ თავისი საუბრებით, საპყრობილეც საქადაგებელ ადგილად აქცია. 8 წელი გრძელდებოდა ასე.
გავიდა დრო და მდგომარეობა გამოკეთდა. კონსტანტინე დიდმა, რომელიც დიოკლიტიანეს შემდეგ გახდა იმპერატორი, ქრისტიანთა მფარველობა იწყო და თვითონაც ქრისტიანი გახდა.
მრავალი სასწაული მოახდინა წმინდა ნიკოლოზმა. კარგა ხანს იცხოვრა მღვდელმთავარმა თავის სამწყსოსთან ერთად. დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა. ჩაგრულნი მასში პოულობდნენ მსწრაფლშემწეს და მცველს, უბედურნი - მწყალობელს და ნუგეშინისმცემელს; მასთან მოსაუბრენი რწმენაში მტკიცდებოდნენ, წარმართნი სამუდამოდ უარყოფდნენ წარმართობას და ქრისტეს რწმენის მიმდევრები და აღმსარებლები ხდებოდნენ.
წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული (85 წლისა) გარდაიცვალა. მისი სხეული საზეიმოდ დაკრძალეს ქალაქის საკათედრო ტაძარში. მისი უხრწნელი ნაწილები მაშინვე გამოსცემდნენ კეთილსურნელებას და მირონს. მისი შეხებით სნეულნი იკურნებოდნენ. მრავალი საოცრებანი ხდებოდა მის კუბოსთან. ამის შესახებ ამბები სწრაფად გავრცელდა მთელს ქვეყანაში და მლოცველთა ტალღამ ტაძრისაკენ იწყო დენა.
წმინდა სასწაულთმოქმედი სიკვდილის შემდეგაც არ სტოვებს თავის სამწყსოს, დღესაც მფარველობს მწუხარეთ და ტანჯულთ, განსაცდელში მყოფთ, მძიმე სნეულთათვისაც კვლავ წარმოადგენს კურნების უშრეტ წყაროს. სიკვდილის შემდეგ მამა ღმერთმა მეტი სასწაულთმოქმედების ნიჭი უბოძა. მისი ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ დასაწყისი იყო იმ მრავალრიცხოვანი საოცრებებისა, იმ სიკეთისა და სათნოებებისა, რომელთა კეთებასაც იგი დღესაც განაგრძობს.