Monday, January 21, 2013

ქართული სუფრა და სადღეგრძელოები



ქართული სუფრის ტრადიციები მსოფლიოს ყველა კუთხეშია ცნობილი. ჩვენს სტუმართმოყვარეობას და გულუხვ დახვედრას არაერთი უცხოელი სტუმარი მოუჯადოებია. ჩვენმა ერმა საუკუნეების მანძილზე სტუმარ-მასპინძლობის მტკიცე ნორმები ჩამოაყალიბა. საქართველოს ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში სტუმარი ხელშეუხებელ პიროვნებად ითვლება. სტუმრის პატივისცემის ადათს ისე ჰქონდა გადგმული ფესვები, სახლში მოსული მოსისხლე მტრის დაცვაც კი სავალდებული იყო. იმერელი თავისთვის მოიკლებს, რომ სტუმარს ასიამოვნოს, მაგრამ რაც უნდა კარგად მიიღოს სტუმარი, ბოლოს მაინც მოუბოდიშებს: ,,მაპატიე, ბატონო, თქვენს შესაფერისად თუ ვერ დაგხვდითო.” საქართველოს ყველა კუთხეს მისი ტრადიციული კერძები გააჩნია. კახეთის, ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, რაჭის, სვანეთის,ხევსურეთის და სხვა კუთხეების კერძები თავისი გემოვნებით, მომზადების ტექნოლოგიით მართლია განსხვავდებიან, მაგრამ საერთო სტილით ერთიან ეროვნულ ქართულს წარმოადგენენ. განსაკუთრებით მდიდარია იმერული სუფრის ასორტიმენტი. აქ უდავოდ მოწინავე პოზიციები ბოსტნეულსა და რძის კერძებს უჭირავს. სუფრაზე განსაკუთრბული ადგილი უჭირავს ლობიოს, სუფრის შეძენილი კომპონენტებია ახალი კიტრისა და პომიდვრის სალათები, კარტოფილისაგან და ტყის მცენარეულობიდან მომზადებული კერძები. რძის ნაწარმიდან უმეტეს შემთხვევაში სუფრაზე გააქვთ თანაბარ ნაჭრებად დაჭრილი იმერული ყველი და სულგუნი. ყველთან ერთად ცხელი მჭადი და ღომი. ყველისაგან რამდენიმე კერძსაც ამზადებენ. მაგალითად, ცხიმში შემწვარი ყველი, ყველი კვერცხთან ერთად, ყველი პამინდვრით და სხვა. იმერულ სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თევზის კერძებს. მათ შორის აღსანიშნავია კალმახი, ორაგული, ციმორი, ხრამული, წვერა, ფოთის კეფალი, კამბალა, ქაშაყი და სხვები. თევზეულობიდან უმთავრესად შემწვარი თევზის კერძებს ამზადებენ, რომელსაც აყოლებენ ტყემლის, ქინძის ნაშარაბის საწებლებსა და ნიგოზით მომზადებულ ,,ბაჟეს” . ცივი ხორცის კერძებიდან ახსანიშნავია კუჭმაჭი, შემწვარი გოჭის, ბატკნისა და თიკნის ხორცი, ლაბასხმული, მოხარშული გულღვიძლი, ენა, ძეხვეულობა და სხვა. ფრინველებიდან ამზადებენ სხვადასხვა მეთოდოთ შემწვარ წიწილებს, მრგვალად მოხარშულ და შემწვარ ქათმებს, ჩახოხბილს, საცივს, ნივრის წვენში ჩაწყობილ წიწილებს. მეორე თავის ცხელი კერძების ასორტიმენტი ძალზე მრავალფეროვანია, ჩამოვთვლით რამოდენიმეს: მწვადს, ჩაშუშულს, კუპატს, ხინკალს და ა.შ. ფქვილოვანი ნაწარმიდან აღსანიშნავია იმერული ხაჭაპურები, შოთის პურები, სხვადასხვა სახის ნამცხვრები. რაც შეეხება ხილსა და დესერტს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ტკბილი სასმელებიდან მიღებულია ჩაი და ყავა. საწებლებიდან უმთავრესად სუფრაზე გამოაქვთ ახალი ტყემლის, ახალი პომიდვრის, მკვახე ყურძნის, ნიგვზის, ნივრის, ქინძძმარის საწებლები და სხვა. იმერული სუფრა თვით ქართველი ხალხის, ქართველი ერის ხნისაა. ჭირში და ლხინში გამოხატავდა ერის ზნეობას, კულტურასა და კეთილშობილებას, მის წიაღში იდუმალადაა განფენილი ქართული პატიოსნება და სიდარბაისლე. სუფრაზე მტკიცედ არის დაცული უფროს-უმცროსის ეთიკური ნორმები, განსაკუთრებით მკვეთრად იხატება მოკრძალება მანდილოსებისადმი, ეროვნული ადათ-წესებისა და საერთოდ ადამიანებისადმი სიყვარული. აუცილებლად სუფრის უფროს - თამადას აირჩევენ. თამადა ყოველთვის იყო თვითდისციპლინისა და ორგანიზებულობის მაჩვენებელი. იმერული სუფრა და ქეიფი არასდროს ყოფილა მარტო ღვინის სმაში გაჯიბრების ასპარეზი. ეს იყო სხარტი სიტყვა-პასუხის, სიყვარულის, ზრდილობის, ურთიერთპატივისცემის, რაინდული თავდაჭერილობის, ერისა და მამულისადმი ერთგულების დემონსტრაცია. სტუმრის დახვედრა ქართველ კაცს ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი, მაგრამ სტუმრიანობა დასაშვებ ვადებს არ უნდა გადაცილდეს. ამ შემთხვევაში იუმორით სავსე სხარტული გამონათქვამი შემოუნახავთ: ,,დილით ოქრო ხარ სტუმარო, შუადღით ვერცხლად იქცევი, თუ კიდევ შეგაგვიანდა, სპილენძად გადაიქცევი.” ლხინში თამადის და საერთოდ სუფრის წევრების დათრობა ვაჟკაცობად არ ითვლება. უმთავრესად სადღეგრძელო პოეტური უნდა იყოს. მჭერმეტყველი თამადა სადღეგრძელოებში გაურევს ცის სილაჟვარდეს, ვარდის სურნელებას, მწვერვალთა ბუმბერაზობას, ჩანჩქერთა ელვარებას, კლდის სიმტკიცეს და ა.შ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ სადღეგრძელო უნდა იყოს ამაღლებული, წამახალისებელი, სინამდვილესთან მიახლოვებული. სუფრასთან ყველას აქვს უფლება ერთმანეთს თვალი გაუსწოროს, აქ ისინი ძმები, მეგობრები, ახლობლები ხდებიან, ასეთი ქება შეუჩვეველ ყურს შეიძლება მლიქვნელადაც მოეჩვენოს. სუფრასთან, როგორც წესი, ცუდს და უარყოფით მხარეს არ ახსენებენ. თუ ასეთი გააჩნია ვინმეს, ტაქტიანად უსურვებენ ხასიათის ან თვისების შეცვლას, რა თქმა უნდა, დადებითისაკენ. სუფრის ასეთ წარმათვაში სმა-ჭამა მეორე პლანზე გადადის, მის ადგილს გონებამახვილობა და მჭერმეტყველება იკავებს. მუზა ყველას მოდის და ცდილობს რაც შეიძლება მეტი შესაფერისი ლექსი, თქმულება, ანდაზა, ხალხური გამონათქვამები გამოიყენოს და სადღეგრძელო გაამდიდროს. ასეთ თამადაზე ზედგამოჭრილი ხალხური სიმღერაა: ,,ეს თამადა რა ყოფილა , ცოტა ღვინო გვამყოფინა.” განსაკუთრებით გამოკვეთილია იმერული სუფრა ქორწილში. ქორწილის ჩატარებას ქართველი, შეიძლება ითქვას, დიდი მზადებით ელოდება. საქორწილო სუფრაზე სადღეგრძელოების წყობა ოდნავ განსხვავებულია. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში ქორწილი თამადების არჩევით და მათი დალოცვით იწყება. შემდეგ უკვე თამადის ინიციატივით წარმოითქმება მშვიდობის, საქართველოს, ნეფე–დედოფლის, მათი მშობლების, ხელისმომკიდეების, დედმამიშვილების, ბაბუებისა და ბებიების, ოჯახის, მაყრების, ოჯახის სტუმრების, მეზობლების, სუფრის მომსახურეების სადღეგრძელოები და ა.შ. ასევე სპეციალურად გაშლიდა ქართველი სუფრას, თუ ოჯახში პირველი ვაჟიშვილი ანუ გვარის გამაგრძელებელი დაიბადებოდა, საცხოვრებელ სახლს ააშენებდა და გადახურავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ,,რთველის” სუფრა, როცა მშრომელი საბოლოოდ იწევს მთელი წლის ნაამაგარია. შესაფერისი სუფრები ეწყობა აგრეთვე საახალწლოდ და სხვა სადღესასწაულო დღეებშიც. ქართულ სუფრაზე განსაკუთრებული მოკრძალებით წარმოთქვამენ დედის სადღეგრძელოს. სიტყვა დედიდან ამოჰყავს თამადას დედასამშობლოს, დედაკაცის, დედაენის სადღეგრძელოები. იმერეთში ყველა ოჯახს აქვს 2-3 სახის ღვინო, რომელთაგან ერთი მაინც გამორჩეული იქნება. ეს ,,გამორჩეული” არაფრით ჩამოუვარდება ცნობილ სამარკო ღვინოებს. ამ შერჩეულით გაუმასპინძლდება იგი გზად ჩავლილ უცხო კაცს, თუ მის ჭიშკართან შეჩერდება და წყალს მოითხოვს. ჩვენი წინაპრები, როცა მადლიან ღვინოს ჭაშნიკს გაუსინჯავდა, აუცილებლად იტყოდა: - ,,იმ მარჯვენას გაუმარჯოს, ვინც ეს ღვინო დასწურაო.” ქართველები ოდითგანვე სუფთა ღვინოს სვამდნენ, ქართული ღვინო, ,,სურნელოვნადაა” მოხსენიებულია ცნობილ ,,ოდისეაში.” საერთოდ, ჩვენთან ღვინოს ბლომად სვამენ, მაგრამ საქმეც ის იყო, იშვიათად თვრებოდნენ. ფრანგი მოგზაური შარდენი მე-17 საუკუნეში ქართველებზე წერდა: ,,არსად ისე ბლომად და ისეთ სურნელოვან ღვინოს არ სვამენ, როგორც საქართველოში”.... ქართული სუფრა მისი ტრადიციებით უნიკალურია, ერის წარსულში ჩამოყალიბებული და ძვალ-რბილში გამჯდარი წეს-ჩვეულება არ უნდა დავივიწყოთ. რაც კარგია, შევინარჩუნოთ, უფრო განვავითაროთ.http://tekila555.blogspot.com/2008/12/blog-post.html 

No comments:

Post a Comment